მზიურის პარკის ძველი საბაგიროს რეკონსტრუქცია-ადაპტაცია
მზიურის პარკში საბაგირო კონსტრუქცია 1982 წელს აშენდა. ის თავისებურად აირეკლავს საბჭოთა მოდერნიზმის გეომეტრიზირებულ სოციალურ სტილს და მოდერნისტული ხედვის უმცირეს კომპონენტსაც წარმოადგენს.
მოცემული ფუნქციადაკარგული ობიექტი, პროექტში გამოყენებული მეთოდის შედეგად, ახალ ფუნქციურ სივრცეს წარმოქმნის, რომელიც მზიურის პარკის თანამედროვე ხედვას ეხმიანება და ობიექტის წარსული სახის შენარჩუნებას და მასზე მინიმალურ ზემოქმედებას გულისხმობს. არსებული ნაგებობის გაბარიტები ვერ აკმაყოფილებს თანამედროვე მოცემული ფუნქციების მოთხოვნილებებს და მისი გაფართოვების აუცილებლობას აყენებს. ერთი მხრივ, მისი შენარჩუნებით, პარკი ინარჩუნებს ისტორიულ ღირებულებას, მეორე მხრივ, საპროექტე დანამატები პირდაპირ იმეორებენ მოდერნისტული კუბის ფორმას და საბჭოთა მემკვიდრეობის ნარჩენს უახლესი მეთოდით წარმოადგენენ.
შედეგად, მოდერნისტულ კუბს დაემატა ორი ანალოგი ტიპის იმავე მოცულობის და ფართობის ლითონის კონსტრუქციის კუბი, რომელიც ზრდის მოცულობას სივრცისთვის სხვადასხვა ფუნქციების მისანიჭებლად და ამავდროულად ინარჩუნებს მის ისტორიულ კონცეფციას. პირველ რიგში, ეს ხდება იმისთვის, რომ სივრცისთვის მინიჭებული სოციალური და კულტურული დატვირთები თავისუფლად რეალიზირდნენ. პროექტის სახე ამ მხრივ უნიკალურია, რამდენადაც მინიმალურად ცვლის ობიექტის და სივრცის აღქმას, მაქსიმალური გაფართოებით გვთავაზობს მის ფუნქციურ არეალს. ის რამდენიმე სხვადასხვა მიმართულებას აერთიანებს. პირველ რიგში, ეს არის მედიათეკა, ცოდნის მოპოვების და გაზიარების პუნქტი. ქვედა სართულზე მოთავსებული საგამოფენო სივრცე, მისი გაფართოებიდან გამომდინარე, საშუალებას იძლევა მოეწყოს მულტიმედია ტიპის გამოფენები, რომლებიც მზიურის პარკის კეთილმოწყობის თემას სხვადასხვა მიმართულებით განავითარებენ. ამავდროულად, მედიათეკა წარმოადგენს აქტიურ ობიექტს ხელოვანებისთვის და კულტურის სფეროში ჩართული ადამიანებისთვის, ისევე როგორც, საგამოფენო სივრცესთან დაკავშირებული პირებისთვის. ობიექტმა შეიძლება უმასპინძლოს სხვადასხვა ტიპის ღონისძიებებს, შეხვედრებს და ა.შ.
სივრცესთან ინტერვენცია, მასთან დაახლოება და მასში ცვლილებების შეტანა პროექტის ერთ-ერთი ნაწილია. პროექტის ერთ-ერთ მთავარ ღირებულებას, სწორედ არსებული სივრცის და მისი ისტორიის გამოყენებით, რეკონტექსტუალიზაცია და რეაქტუალიზაცია წარმოადგენს. პროექტი დანახულია, როგორც ინტერაქციული მედია, რომელიც არქიტექტურული ღირებულებების გარდა, მზიურის პარკს საგანმანთლებლო და შემოქმედებითი ფუნქციითაც ამარაგებს.